მთები, ქედები, მწვერვალები , ვულკანები, მთიანეთი

მთა

მთა, მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისი ელემენტებია:მწვერვალი -— უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძირი -— ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები -— მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი. განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, ფლორით და ფაუნით.
ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება გეოგრაფიული განედისა კლიმატური პირობების (უმთავრესად თოვლის მიჯნის სიმაღლის) შესაბამისად. ასეთი დაყოფა მოსახერხებელია ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში მდებარე მთების შესადარებლად და გამართლებულია იმით, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული მორფოლოგიური სახე აქვთ: მაღალ მთებს ახასიათებს ძველი და თანამედროვე გამყინვარებისა და ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვისაგან დაკბილული მწვერვალები, გაშიშვლებული ციცაბო კალთები (მის კალთებზე არ იზრდება არც მცენარეულობა და არც ცხოველები ბინადრობენ.), ხოლო საშუალო და დაბალ მთებს -— მომრგვალებული მწვერვალები, გლუვი, დამრეცი კალთები, დაფარული გამოფიტვის ქერქით, ნიადაგითა და მცენარეულობით.

ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქედები და მთების მასივები ასეულ და ათასეულ კმ-ზე გაშლილ მთიან მხარეებს (მთებს) წარმოქმნიან (მაგ., კავკასიონი, ურალის მთები). წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ტექტონიკურ, ეროზიულ და ვულკანურ მთებს. ტექტონიკური მთები ძირითადად წარმოიქმნება გეოსინკლინში შრეების ინტენსიური დანაოჭებისა და დედამიწის ქერქის აზევების შედეგად. ტექტონიკური სტრუქტურების შესაბამისად განარჩევენ ნაოჭა და ლოდა მთებს. ეროზიული მთები დედამიწის ქერქის მაღლა აზიდული ჰორიზონტული სტრუქტურების პლასტოსებრი ზედაპირის დანაწევრების შედეგია. ვულკანური მთები -— ვულკანური კონუსების, ლავური ღვარების, ტუფური საფრის ერთობლიობაა.

ქედი

ქედი, მთიანი ქედი – დედამიწის ზედაპირის დიდი ამოზიდული ფორმა, მთების ერთობლიობა, რომელსაც აქვს გრძივი განფენილობა და მკაფიოდ გამოხატული თხემი, ერთიანი წყალგამყოფი ხაზის სახით, რომლის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი მწვერვალები, და ფერდობები, რომლებიც ურთიერთსაწინამღდეგოდ არიან მიმართულნი. როგორც წესი, ქედი შედის მთიანეთის შემადგენლობაში. ქედის სიმაღლე, სიგრძე და ფორმა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, განვითარების ისტორიაზე და ფენების ლითოგრაფიულ შემადგენლობაზე.

საქართველოს მნიშვნელოვანი ქედები

დასახელება სიმაღლე მწვერვალიი
1 კავკასიონი 5203 შხარა
2 ხორხის ქედი 5043 მყინვარწვერი
3 პირიქითი ქედი 4493 თებულო
4 ყუროს ქედი 4048 შინო
5 სვანეთის ქედი 4009 ლაჰილი
6 ლეჩხუმის ქედი 3580 სამერცხლე
7 გუდისის ქედი 3339
8 კოდორის ქედი 3313 ხოჯალი
9 სამსრის ქედი 3301 დიდი აბული
10 გაგრის ქედი 3295 აგეფსთა
11 ლიხის ქედი 2471 რიბისი

საქართველოს ყველა ქედი

მწვერვალი

მწვერვალი, მთის, მასივის და ქედის უმაღლესი ნაწილი. აქვს წვეტიანი, მომრგვალებული, მობრტყელებული ან სხვა ფორმა, რაც განპირობებულია ამგები ქანების ლითოლოგიით, ტექტონიკური აღნაგობით, დენუდაციური პროცესების ხასიათით. მსოფლიოში უმაღლესი მწვერვალებია ჯომოლუნგმა — 8848 მ (ჰიმალაი), ისმაილ სამანი — 7495 მ (პამირი); კავკასიონზე — იალბუზი — 5642 მ.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალები

მწვერვალი სიმაღლე მდებარეობა
1 შხარა 5200 კავკასიონი
2 ჯანღა 5058 კავკასიონი
3 მყინვარწვერი 5047 ხოხის ქედი
4 გისტოლა 4859 კავკასიონი
5 თეთნულდი 4851 კავკასიონი
6 ჯიმარა 4780 ხოხის ქედი
7 უშბა 4700 კავკასიონი
8 ტებულოსმთა 4493 კავკასიონი
9 ჭანჭახი 4461 კავკასიონი
10 ბაბისმთა 4454 კავკასიონი

მთიანეთი

მთიანეთი, მთიანი მხარე, მთათა სისტემა, დედამიწის ზედაპირის ვრცელი არეალია, რომელიც გამორჩეულად არის აღმართული მიმდებარე დაბლობებთან შედარებით და ახასიათებს სიმაღლეთა მკვეთრი ცვლილებები. როგორც წესი, მთიანეთი ფორმირდება ტექტონიკური განვითარების ერთიანი ეტაპის შედეგად და შედგება რამდენიმე მთიანი სისტემისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სტრუქტურით და გარეგნული სახით. მთიანეთი მოიცავს ზეგნებს, მთებს, ქედებს და ხეობებს. მთიანეთი შეიძლება გადაჭიმული იყოს რამდენიმე ასეულ და ათასეულ კილომეტრზე და ჰქონდეს რთული კონფიგურაცია.

მსოფლიოს მნიშვნელოვანი მთიანეთები

მთიანეთი მაქს. სიმაღლე მწვერვალი
1 ჰიმალაი 8848 ევერესტი
2 ყარაყორუმი 8611 კ2
3 კუნლუნი 7723 ულუგ-მუსტაგი
4 ჰინდუქუში 7708 ტირიჩმირი
5 პამირი 7495 ისმაილ სამანის პიკი
6 ტიან-შანი 7439 გამარჯვების პიკი
7 ანდები 6960 აკონკაგუა
8 კორდილიერები 6194 მაკ-კინლი
9 აფრიკის პლატო 5895 კილიმანჯარო
10 კავკასიონი 5642 იალბუზი
11 ავსტრალიის ალპები 5140 კოსციუშკო
12 ალპები 4807 მონბლანი

ვულკანი

ვულკანი -(ლათ. Volcanus, Vulkan– ვულკანუს) კონუსისებური მთა, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია (ზედა ნაწილზე არსებული წრიული ჩაღრმავება), რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრის, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როცა იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.

აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი.

ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია – ლავა, მყარია – ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი – წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.

დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში.

დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როცა ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.

ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა.

უდიდესი ვულკანები

1 კლუჩევსკაია სოპკა
რუსეთი, კამჩატკა 3456 ძვ.წ 5500 – 1957
2 კოლიმა
მექსიკა 4330 1576 წ-დან 40-ჯერ
3 ეტნა
იტალია, სიცილია 3380 ძვ.წ 1226 – 2006
4 გალერასი
კოლუმბია 4276 ძვ.წ 5000 – 2006
5 მაუნა ლოა
ჰავაი 4169 1984 წ
6 მერაპი
ინდონეზია 2914 2006 წ
7 ნიურიგანგოს
მთა კონგო 3470 2006 წ
8 რაინერის მთა
აშშ 4392 1854 წ
9 საკურეჯიმა
იაპონია 3665 2007წ
10 სანტამარია
გვატემალა 3772 2006 წ

მსოფლიოს მნიშვნელოვანი ვულკანებია:

ევროპა: – ეტნა (ბოლოს ამოიფრქვა 1986 წელს), ვეზუვი (1959 წ.).
აზია: – ფუძიამა (1707 წ.), კლუჩევსკაია სოპკა (1964 წ.), კრაკატაუ (1983 წ.).
ავსტრალია და ოკეანეთი: – მაუნა-ლოა (1975 წ.).
აფრიკა: – ნირაგონგო – (1977 წ.).
ჩრდილოეთი ამერიკა: – პოპოკატეპეტლი (1932 წ.).
სამხრეთი ამერიკა: – კოტოპახი (1975 წ.).
ანტარქტიდა: – ერებუსი (1955 წ.).

6 Responses to მთები, ქედები, მწვერვალები , ვულკანები, მთიანეთი

  1. lewandowski says:

    udzlieresi saitia ))) gmadlobt ))

  2. თამო says:

    ზუსტად ის საკითხებია რაც მინდოდა…მადლობთ…..

  3. თამო says:

    კარგი იქნება მდებარეობებსაც თუ მიაწერთ გეოგრაფიულ ობიექტებს

  4. aniki says:

    gtxovt myiinvarebze tqvit ra

  5. rezi123 says:

    მართლაც უძლიერესი საიტია დიდი მადლობა

  6. rezi123 says:

    ჩემი აზრით კარგი იქნება თუ დადებთ როკუას რომელზეც მონიშნავთ არა მარტო მნიშვნელოვან მთებს არამედ ვაკე დაბლობებს უცნობ ვულკანებს მაგ:ლიულიალიაკო კრაკატაუ და სხვა ასევე მთებზეც:ჩერსკის მთები, ხინგანი,სიანები,ალთაი,ტიან-შანი და სხვა

Leave a reply to თამო კომენტარის გაუქმება