საქართველო

საქართველო – ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

გეოგრაფია: მთათა სისტემა და ბორცვები მოიცავს საქართველოს ტერიტორიის 80%-ს. მდებარეობა 40′ და 47′ აღმოსავლეთის განედის და 41′ და 44′ სამხრეთის გრძედს შორის.

დედაქალაქი – თბილისი (მოსახლეობა 1 092.9 ათასი კაცი).

უდიდესი ქალაქები: ქუთაისი (მოსახლეობა 189.7 ათასი კაცი), ბათუმი (122.2 ათასი კაცი), რუსთავი (117.9 ათასი კაცი), სოხუმი (აღწერა არ ჩატარებულა), ზუგდიდი (72.2 ათასი კაცი), გორი (50.2 ათასი კაცი), ფოთი (47.3 ათასი კაცი), თელავი (20.2 ათასი კაცი),

ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები – 83,8%, აზერბაიჯანელები – 6,5%, სომხები – 5,7%, რუსები – 1,5%, ოსები – 0,9%, ბერძნები – 0,3%, უკრაინელები – 0,2%, აფხაზები – 0,1%, ებრაელები – 0.1%, სხვა – 0.1%.

სახელმწიფო ენა: ქართული. ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური.

ეროვნული ვალუტა: ლარი, 1 USD – 1,7 ლ (01.02.2007 წ. მონაცემებით)

ოფიციალური დასვენების დღეები: 1 იანვარი – ახალი წელი, 7 იანვარი – შობა, 19 იანვარი – ნათლისღება, 3 მარტი – დედის დღე, 8 მარტი – ქალთა დღე, აღდგომა, 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 28 აგვისტო – მარიამობა, 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა, 23 ნოემბერი – გიორგობა.

კლიმატი
აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატი არის მშრალი და კონტინენტური, ცხელი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით, დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე თბილი და სუბტროპიკული კლიმატი აღინიშნება.

ფლორა და ფაუნა
საქართველო თავისი პატარა ტერიტორიის მიუხედავად, დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ფლორით. ყოველივე ეს განსაზღვრა ქვეყნის გეოგრაფიულმა და კლიმატურმა ზონებმა, რაც აისახება განსხვავებული ჯიშის მცენარეულობის არსებობაში.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფლორა, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. აღმოსავლეთ საქართველოს არაწიწვოვან ზონებში არის მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავა, რის გამოც გამწვანება და მცენარეულობა ნაკლებად შეიმჩნევა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, თავისი ნოტიო ჰავის გამო იგი ხშირი ტყეებით გამოირჩევა. საქართველოს ფაუნა შერწყმულია ევროპული, ცენტრალური აზიის და აფრიკის ფაუნის ელემენტებთან. საქართველოში არსებობს ძუძუმწოვართა ასობით სახეობა, აგრეთვე 330 სახის ფრინველი, 48 რეპტილია, 11 ამფიბია და 160 თევზის სახეობა.

საქართველო მდებარეობს ორი კონტინენტის, ევროპისა და აზიის საზღვარზე. როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური კულტურა აისახა ქართული ცივილიზაციის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ცხოველთა სამყაროთი დაჯილდოვებული მიწაწყალი, შედარებით რბილი კლიმატი, ნოყიერი ნიადაგი, მდიდარი ბუნებრივი რესურსების სიუხვე, ქართველი ხალხისთვის ადვილად ასათვისებელი გახდა და მან განავითარა სოფლის მეურნეობა.

რელიგია
საქართველოში ქრისტიანობა მე-4 საუკუნის 30-იან წლებში შემოვიდა. ქართველთა განმანათლებლად წოდებული წმინდა ნინო (კაბადოკიელი) იყო. მან თავისი ლოცვა-კურთხევით განკურნა დედოფალი ნანა და მოაქცია მეფე მირიანი. არსებობს ლეგენდა როდესაც მეფე მირიანი სანადიროდ იმყოფებოდა უცბად ჩამობნელდა, მეფე ნინოს ღმერთს შეევედრა და სინათლეც მოეფინა ზეცას. ამის შემდეგ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მცხეთაში აგებულია ტაძარი, რომლის სიდიადეც ადამიანის შემოქმედების ზღვარს აღემატება. ქართველ ორთოდოქს ქრისტიანთა (მართლმადიდებელთა) ჯვარს განსხვავებული ფორმა აქვს. იგი წმ. ნინოს ჯვრად იწოდება, ნინომ ჯვარი ვაზის ტოტებისა და საკუთარი ნაწნავისგან შექმნა. ამ ჯვრით მოაქცია მან საქართველო.

ქრისტიანობამდე საქართველოში მაზდიანთა (ცეცხლთაყვანისმცემლობა) კერპებს სცემდნენ თაყვანს. მეფე ვახტანგ გორგასალმა არქიმანრდიტს კათოლიკოსის წოდება მიანიჭა. ამგვარად შეიქმნა იბერიის ეკლესიის ავტოკეფალია.

გადმოცემით, ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები საქართველოში იყვნენ მოციქულები: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და ბართლომე. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა IV საუკუნის 30-იან წლებში. მაშინ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიადაც გამოცხადდა.

ქართლში პირველი საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში, ქართლის ეკლესიის მეთაური ატარებდა მთავარეპისკოპოსის ტიტულს. მართლმადიდებელი ქართული ეკლესია V საუკუნემდე იერარქიულად ექვემდებარებოდა ჯერ კონსტანტინოპოლს, მერე კი ანტიოქიის საპატრიარქოებს. 466-468 წწ. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართლში ერთდროულად დაარსდა 12 საეპისკოპოსო კათედრა, ხოლო ეკლესიის მეთაურმა მიიღო კათალიკოსის ტიტული. ამ დროიდან ქართული ეკლესია ავტოკეფალური გახდა. VI საუკუნეში ქრისტიანობის განმტკიცებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ასურელ მამებს.

XI საუკუნეში საქართველოში დაარსდა რიგით VI საპატრიარქო მსოფლიოში, მაგრამ დავით IV აღმაშენებელის დროს ქართული ეკლესია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო მეთვალყურედ კი მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი დაინიშნა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა საქართველოში წერა-კითხვის განვითარებაში, ეკლესია-მონასტრებთან იყო სკოლები და აკადემიები (გელათში, იყალთოში), სადაც ბერ-მსახურები ეწეოდნენ მწიგნობრობას, მათ შექმნეს ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა, მოისპო კათალიკოს-პატრიარქის თანამდებობა. ქართული ეკლესია იქცა რუს სინოდის საეგზარქოსოდ. 1852-69 წლებში საეკლესიო ქონება ხაზინას გადაეცა და სამღვდელოებას ჯამაგირი დაენიშნა. 1917 წ. 12 (25) მარტს ქართულ სამღვდელოებამ აღიდგინა ავტოკეფალია და სექტემბერში აირჩია კათალიკოს-პატრიარქი.

1978 წელს აირჩიეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. რომლის ლოცვა-კურთხევითაც საქართველოში მრავალი ეკლესია და ტაძარი აღადგინეს და ააგეს. აღნიშვნის ღირსია სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სამონსატრო კომპლექსია მსოფლიოში, მისი სიმაღლე 83 მეტრია, და მის ტერიტორიაზე 12 ეკლესია და სამლოცველო ამოქმედდება.

ქართული ენა
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართულთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). მსოფლიოში ქართულ ენაზე 7 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს.

ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება, ამავე ჯგუფში შემოდის ქართველური ენა-კილოები: მეგრულ-ლაზური და სვანური, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არაერთი არქაული ნიშან-თვისება ქართული ენისა. ქართველურ ენა-კილოთა გამოწვლილვითი შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების ისტორიულ კანონზომიერებათა დადგენას.

თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა და მრავალპირიანი უღვლილების სისტემა.

ქართულ სამწერლო ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი – მხედრული, რომელიც არის ნუსხურის ევოლუციის შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, განვითარდა ასომთავრულისაგან, იგივე მრგვლოვანი სახეობისაგან. მხედრული ანბანი შეიცავს 33 ასო-ბგერას (გრაფემას), რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით შედგენილობას – ქართულ ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია.

დღემდე ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492-493 წწ.). აწ განსვენებული ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ქართული ანბანი შექმნილია ქრისტიანობის გავრცელებამდე საქართველოში. გათხრების შედეგად აღმოჩნდა წარმართული ხანის ტაძრის ნაშთები, სადაც საწნახელსა და ქვევრის თავებზე შემორჩენილი წარწერები ახ. წ. I-II საუკუნეებით თარიღდება.

ქართულ ენაში გამოიყოფა შემდეგი კილოები: ქართლური, კახური, ფშაური, თუშური, ხევსურული, მთიულური, მოხეური, ინგილოური, იმერული, გურული, აჭარული, ლეჩხუმური, რაჭული, მესხური, ჯავახური, იმერხეული, ფერეიდნული.

ქართული ენის ისტორიაში გამოყოფილია განვითარების ძველი და ახალი პერიოდები; ძველი ქართული სამწერლო ენა ფუნქციონირებდა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე. ამ ხნის მანძილზე იგი არაერთგვაროვანია, განირჩევა ხანმეტობა და ჰაემეტობა. ხანმეტობა და ჰაემეტობა მთელი რიგი ლექსიკური, მორფოლოგიური და ფონეტიკური თავისებურებებით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, ძველი ქართული სალიტერატურო ენა მწყობრად ჩამოყალიბებული, ნორმირებული სისტემაა.

ახალი ქართული სალიტერატურო ენა ყალიბდება მეთორმეტე საუკუნიდან. მას საფუძვლად დაედო აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მეტყველება – ქართლური და კახური კილოები.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.

ქართული ხასიათი
ქართველები ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ერია მთელს მსოფლიოში, ისინი დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს, მათ სწამთ, რომ “სტუმარი ღვთისაა”. მეგობრობა ყველაზე ძვირად ფასობს ქართველებისთვის. ეს აღწერილია კიდეც შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაში “ვეფხისტყაოსანში”. ქართველები ადამიანებს არა ფულის, არამედ მეგობრების რაოდენობით აფასებენ. ქართველები არიან ამაყნი, თავისუფალნი, გამოირჩევიან ინდივიდუალურობით.

სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება “საქართველო” მომდინარეობს “ქართ” ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს “ქართუ, კარდუ, ხალდუ”-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა “საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად”, 1990-1995 წლებში — “საქართველოს რესპუბლიკა”-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი.

ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ.კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.

ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.

ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

საქართველოზე გამავალი უდიდესი მდინარეები

მდინარე სიგრძე (კმ) რომელ მხარეში მიედინება
1 მტკვარი * 1364 სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი
2 თერგი * 623 მცხეთა-მთიანეთი
3 ჭოროხი * 438 აჭარა
4 ალაზანი 351 კახეთი
5 რიონი 327 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
6 იორი 320 მცხეთა-მთიანეთი, კახეთი
7 ენგური 213 სამეგრელო-ზემო სვანეთი, აფხაზეთი
8 ხრამი 201 ქვემო ქართლი
9 ცხენისწყალი 176 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
10 ხობისწყალი 150 სამეგრელო-ზემო სვანეთი

საქართველოს უმაღლესი მწვერვალები

1 შხარა 5068 კავკასიონი
2 ჯანღა 5058 კავკასიონი
3 მყინვარწვერი 5047 ხოხის ქედი
4 გისტოლა 4859 კავკასიონი
5 თეთნულდი 4851 კავკასიონი
6 ჯიმარა 4780 ხოხის ქედი
7 უშბა 4700 კავკასიონი
8 ტებულოსმთა 4493 კავკასიონი
9 ჭანჭახი 4461 კავკასიონი
10 ბაბისმთა 4454 კავკასიონი

საქართველოს მნიშვნელოვანი ქედები

1 კავკასიონი 5203 შხარა
2 ხორხის ქედი 5043 მყინვარწვერი
3 პირიქითი ქედი 4493 თებულო
4 ყუროს ქედი 4048 შინო
5 სვანეთის ქედი 4009 ლაჰილი
6 ლეჩხუმის ქედი 3580 სამერცხლე
7 გუდისის ქედი 3339
8 კოდორის ქედი 3313 ხოჯალი
9 სამსრის ქედი 3301 დიდი აბული
10 გაგრის ქედი 3295 აგეფსთა
11 ლიხის ქედი 2471 რიბისი

6 Responses to საქართველო

  1. NinucaElectro says:

    მომწონს ბლოგი. დღეიდან +1 მკითხველი პირველ ქართულ გეოგრაფიულ საიტს ჩემი სახით. : ))

  2. ნატია says:

    ვერსად ვერ ვპოულობ და დზალიან მჭირდება გეოგრაიის კვლევის მეთოდები ხომ არიცით გეოსაინსფენო, მათემატიკური და ეგენი

  3. xuliganka says:

    საზღვრების სიგრძე 1969 კმია,დანარჩენი კარგი იყო

  4. თემური says:

    kargia

  5. ძალიან მომეწონა

  6. lamro says:

    momwons blogi (Y)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: