აფრიკა


აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%

აფრიკის რუკების ატლასი დაწვრილებით იხილეთ შემდეგ ბმულზე


აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.

აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.

ეტიმოლოგია

აფრი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენთან მცხოვრები რამდენიმე ხალხის სახელი. რომაული ბოლოსართი “-კა” მიუთითებს “ქვეყანას ან მიწას”. სხვა წყაროებით ამ სიტყვის გაშიფრვრა ამგვარად შეიძლება:
ლათინური სიტყვა aprica, ნიშნავს “მზიანს”;
ბერძნული სიტყვა “aphrike”, ნიშნავს “სიცივის გარეშე”. ეს თეორია წამოაყენა ისტორიკოსმა ლეო აფრიკანუს (1488-1554), რომლის მოსაზრებით ბერძნულ სიტყვაზე ფრიკე (φρίκη ნიშნავს “ცივს და საზარელს”), მიკუთვნების თავსართის “ა-” დამატებით ის მიუთითებს მიწაზე, რომელიც თავისუფალია სიცივისა და სისაზარლისგან.

გეოგრაფია

აფრიკას გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბლარტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).

აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენის, ამირანტის, სეიშელის, კომორის, მადეირა, მწვანე კონცხის, კანარის, პრინსიპი, სან–ტომე, ანობონი, ფერნანდო–პო, ამაღლების, წმ. ელენეს, ტრისტან–და–კუნია.

ნახევარკუნძულებს შორის უდიდესია სომალის ნახევარკუნძული.

დიდი ტბებია: ვიქტორია, ალბერტი, ედუარდი, კივუ, ტანგანიკა.

უდიდესი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი.

მნიშვნელოვანი მთათა სისტემებია: ჩრდილოეთით ატლასის მთები, აღმოსავლეთში ეთიოპიის მთიანეთი, სამხრეთში დრაკონის მთები.

უმაღლესი მწვერვალია კილიმანჯარო (5895 მ.).

აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა.

ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად:
ჩრდილოეთი აფრიკა
დასავლეთი აფრიკა
ცენტრალური აფრიკა
აღმოსავლეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა

რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული

აფრიკის რელიეფი დედამიწის ქერქის განვითარებას და გარეგანი პროცესების მოქმედებაზეა დამოკიდებული. აფრიკის კონტინენტზე 200-დან 1000 მ-მდე სიმაღლის ვაკე რელიეფი ჭარბობს, კონტინენტზე არ არის მაღალი და დიდ მანძილზე გადაჭიმული მთიანი სისტემები. აფრიკას საფუძვლად უდევს უძველესი ბაქანი, რომელიც შორეულ წარსულში ერთ-ერთი დიდი კონტინენტის – გონდვანას შემადგენლობაში შედიოდა. ოდესღაც აქ აღმართული მთიანი სისტემები გარეგანი ძალების მოქმედებით დაიშალა და მოსწორდა. მთების ადგილზე უზარმაზარი ტალღისებური ვაკეები გაჩნდა, რომლებზეც აქა-იქ აღმართულია კრისტალური მასივები.

შინაგანი ძალების გავლენით ზოგან ბაქანის საძირკველმა აიწია, რის შედეგადაც მაღალი ზეგნები გაჩნდა (ეთიოპიის, აღმოსავლეთ აფრიკის და სხვ.), ზოგან კი დაიწია და გაჩნდა დიდი ქვაბულები (ჩადის, კონგოს, კალაჰარის და სხვ.). ამ მოძრაობას თან ახლდა დედამიწის ქერქის რღვევა, ჰორსტებისა და გარაბენების წარმოქმნა, მიწისძვრები და ვულკანები. აღმოსავლეთ აფრიკაზე გადის დედამიწის ყველაზე დიდი რღვევის ხაზი, რომელმაც არაბეთის ბაქანი დააშობა აფრიკის ბაქანს. იგი ეთიოპიის მთიანეთის გავლით მდინარე ზამბეზამდე გრძელდება. აქ ხდება ლითოსფერული ფილების გადაადგილება, ამიტომ ხშირია მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები.

ზედაპირის სიმაღლის მიხედვით, აფრიკას ორ ნაწილად ყოფენ: დაბალი აფრიკა (ჩრდილოეთი და დასავლეთი), სადაც სიმაღლე მცირე გამონაკლისის გარდა, 1000 მ-ზე ნაკლებია და, მაღალი აფრიკა (აღმოსავლეთი და სამხრეთი), სადაც სიმაღლე 1000 მეტრს აღემატება. ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკის ზედაპირი უმეტეს წილად კონტინენტური და ზღვიური დანალექი ქანებითაა აგებული. ეს ტერიტორიები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზღვას ეკავა. საჰარის ცენტრში აღმართულია კრისტალური და ვულკანური ქანებით აგებული მთიანი მასივები.

კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე ატლასის მთები მდებარეობს. მთების ჩრდილოეთი ქედები ახალგაზრდაა და ის ალპების და კავკასიონის მთებთან ერთად წარმოიშვა, სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე კი კაპის ძველი მთები მდებარეობს. აფრიკის აღმოსავლეთი მხარე მაღალ, დედამიწის ქერქის მოძრაობით გაახალგაზრდავებულ აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთს უკავია. აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ვულკანები – კილიმანჯარო, კენია და სხვ. კილიმანჯარო სიტყვა სიტყვით “მბრწყინავს მთას” ნიშნავს. ვულკანს სამი წვერი აქვს და მიუხედავად ეკვატორულ სატყელში მდებარეობისა ეს მწვერვალები მარად თოვლიანია.

აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო უდიდესია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი უდიდესია. მათი განლაგება განპირობებულია დედამიწის ქერქის აგებულებითა და მისი განვითარების ისტორიით. იმის გამო რომ აფრიკაში ჭარბობს მაგმური ქანები, იგი განსაკუთრებულად მდიდარია მადნეული სასარგებლო წიაღისეულით. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ისინი ღრმად არაა განლაგებული, რადგან ძველი კრისტალური ქანები დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. აფრიკა მდიდარია ბოქსიტებით, ურანით, გარგანეცით, ოქროთი პლატინით, შავი ლითონებით და სხვ.

კონტინენტის შედარებით დაბალ ადგილებში, სადაც დანალექი ქანები ჭარბობს, დანალექი წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული გვხვდება: ქვანახშირი, სხვადასხვა სახის მარილი და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილსა და გვინეის ყურის სანაპიროებზე აღმოჩენილია ნავთობის დიდი მარაგი. აფრიკა მდიდარია ფოსფორიტებით, რომლებისგანაც სასუქს ამზადებენ. მისი საბადოები ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარებს.

შიდა წყლები

მდინარეთა ქსელი კონტინენტზე არათანაბრადაა განაწილებული, რაც რელიეფსა და ჰავაზე, განსაკუთრებით კი ნალექების განაწილებაზეა დამოკიდებული. რელიეფიდან გამომდინარე მდინარეების დიდი ნაწილი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება, ვინაიდან მთავარი წყალგამყოფი აღმოსავლეთ აფრიკაში გადის. კონტინენტის 1/3 შიდა ჩამონადენის აუზს მიეკუთვნება. აფრიკის მდინარეები საფეხურეობრივად განლაგებულ ზეგნებს კვეთს, ახასიათებთ ჩანჩქერები და ჭორომები, ამდენად, ისინი სიგრძეზე სანაოსნოდ არ გამოდგება, სამაგიეროდ ჰიდროგრაფიით მდიდრები არია. აფრიკის კონტინენტზე მდინარეთს შედარებით ხშირი ქსელი დამახასიათებელია ეკვატორული და სუბეკვატორული სარტყლებისთვის. ძალიან მცირეა მდინარეები უდაბნოებში. აქ გვხვდება მდინარეების მშრალი კალაპოტები – ვადები, რომლებიც წყლით მხოლოდ თავსხმა წვიმების დროს ივსება. აფრიკის მდინარეთა უმრავლესობა წვიმის წყლით საზრდოობსმაგრამ მათი რეჟიმი განსხვავებულია და დამოკიდებულია ნალექის სეზონურ განაწილებაზე. მიდენარეები რომლებიც რამდენიმე კლიმატურ სარტყელში მიედინება, რთული რეჟიმით ხასიათდება. ამ მხრივ ტიპობრივია მდინარე ნილოსი.

ეკვატორული ტყე ბევრი ძვირფასი მცენარის სამშობლოა. ყველაზე გავრცელებულია ზეთის პალმა, რომლის ნაყოფისგან პალმითს ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად, აბანოზის ხე. ეკვატორული ტყეების ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს. ფრინველების მწერების და მღრღნელების გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანი მაიმუნები, მათ შორის შიმპანზეები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები, ანთარი, წვრილჩლიქოსნები – აფრიკული ირემი, რომელიც 40 სმ სიმაღლისაა. კატის ზომის ჯუჯა ანტილოპა და სხვ. ტყისპირეებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდება დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი, ჯუჯა ბეჰემოთი, ჟირაფის მონათესავე ოკაპი, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია. ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელია ავაზა, მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობს გორილები. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულია ჭიანჭველები. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული მომთაბარე ჭიანჭველები, გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებში მწერების დიდი რაოდენობაა

ფინიკის პალმა საჰარაში, ერგ-შების ოაზისი.

ნეხევარუდაბნოების საზღვრებთან, სადაც წვიმების სეზონი 2-3 თვეა, წარმოიქმნება გაუდაბნოებული სავანა. აფრიკული სავანის დამახასიათებელი ხეა – ბაობაბი. მას სავანის დარჯსაც კი უწოდებენ. წვიმიან პერიოდში გამოირჩევაგაშლილი ტოტებით და წვრილი, ღია მწვანე ფერის ფოთლებით. მშარალ პერიოდში იგი შიშვლდება. ვარაუდობენ რომ ბაობაბი 4-5 ათასი წელი ცოცხლობს. იგი გიგანტური ხეა, მისი დიამეტრი 10 მეტრამდეა. მერქანი წყლითაა გაჟღენთილი, რითაც ის მშრალ პერიოდებში საზრდოობს. მსოფლიოში არსად არ არის ისე მრავლად თავმოყრილი ცხოველები როგორც აფრიკის სავანეში, განსაკუთრებით კი ბალახისმჭამელი ცხოველები: ანტილოპის სხვადასხვა სახეობა, ზებრა, ჟირაფი, ბალახისმჭამელებს შორის უდიდესი ცხოველი სპილო, გარეული კამეჩი, მარტორქა, მდინარეების და ტბების სანაპიროებზე გვხვდება ბეჰემოთი.

დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკული ფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები: ჰეპარდი, ტურა, ავაზა, ლომი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი. სავანა ძალიან მდიდარია ფრინველებით. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი – მენექტრე, აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველი აფრიკული სირაქლემა. ასევეა მარიბუ, რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრი თერმიტია. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებს ბუზი ცეცე. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაცილები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.

კოლონიური უღლის მოცილების შემდეგ აფრიკაში დიდი ყურადღება ექცევა ველური ბუნების დაცვას. ამ მიზნით ყოველწლირად მატულობს ბუნების დაცული ტერიტორიების (ნაკძალების და ეროვნული პარკების) რაოდენობა და ფართობი. განსაკუთრებით ბევრია ისინი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი მათგანი მაგ: სერენგეტი, კრიუგერი, ცაავო და სხვები მსოფლიოში ცნობილია. მიღებული ზომების წყალობით გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების რიცხვი აქ აღდგენილია.

თანამედროვე აფრიკის პოლიტიკური რუკა ძირითადად ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მხოლოდ ეთიოპია და ლიბერია არ ყოფილა კოლონიური ქვეყანა. აფრიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი წელი იყო 1960 წელი, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო 17 სახელმწიფომ. XX საუკუნის 70-იან წლებში მოწესრიგდა ე.წ “სამხრეთ როდეზიის” პრობლემა, ხოლო 1994 წელს სარში მოეწყო, პირველი არარასობრივი არჩევნები. დღეისთვის კონტინენტზე 53 დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასავლეთ საჰარის საკითხი, ეს ტერიტორია 1976 წლამდე იმყოფებოდა ესპანელთა მმართველობის ქვეშ. დღეს აღნიშნული ტერიტორია ოკუპირებულია მაროკოს მიერ.

მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, აფრიკა მრავალ მიზეზთა გამო მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე ნაკლებგანვითარებულ კონტინენტად რჩება. გაეროს ჰუმანური განვითარების მოხსენების თანახმად 2003 წელს ყველაზე ჩამორჩენილი 25 ქვეყანა ყველა აფრიკიდან იყო.

ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. ეს უკანასკნელი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ოქროსა და ალმასების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია, ასევე კარგად ჩამოყალიბებული ლეგალური სისტემა აქვს. სამხრეთ აფრიკას ასევე ხელი მიუწვდება ფინანსური კაპიტალთან, მრავალ ბაზრებთან, გამოცდილ მუშახელთან და პირველი კლასის ინფრასტრუქტურასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბოტსტვანას (ასევე ალმასების უდიდესი მწარმოებელი) ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი მისი დედაქალაქი გაბორონეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება. ზოგიერთი სხვა აფრიკული სახელმწიფოც შედარებით პროგრესს განიცდის, მათ შორის განა, კენია, კამერუნი და ეგვიპტე.

ნიგერიას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მარაგი აქვს, უდიდესი მოსახლეობა აფრიკის ქვეყნებს შორის, და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში.

ბოლო ათწლეულში აფრიკის ეკონომიკამ შესამჩნევი ზრდა დაიწყო და საშუალოდ 5%-ს მიაღწია წლიურად. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ზრდა გაცილებით მაღალია (საშ. 10+%), მაგ. ანგოლაში, სუდანში და ეკვატორულ გვინეაში. სამივე მათგანმა ბოლო დროს ნავთობის მოპოვება დაიწყო.

ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნებში სწრაფი ტემპებით ვითარგება მომსახურების სფერო, ბევრი ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. ტურიზმიდან შემოსავალი მნიშვნელოვანი წყარო გახდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: ეგვიპტე, ტუნისი, სენეგალი, უგანდა, კომორის კუნძულები. ტურიზმი ასევე ფეხს იდგანს: ზიმბაბვეში, მადაგასკარში. ტექნიკური თვალსაზრისით აფრიკის ინდუსტრიის ყველაზე განვითარებული დარგი არის მოპოვებითი მრეწველობა. ჩრდილოეთსა და დასავლეთში მოიპოვებენ ნავთობს და გაზს, აქ მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის როლი.

მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სწრაფი ტემპებით იზრდება კონტინენტის გადამამუშავებელი მრეწველობა, ეკონომიკაში მისი როლი ჯერაც მცირეა. მრეწველობის ეს დარგი ძირითადად განვითარებულია სარ-ში, ეგვიპტეში ალჟირში, ნიგერიაში. განვითარდა შავი და ფერადი მეტალურგია, მანქანაქთმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ წამყვანი დარგია მემცენარეობა. საექსპორტო კულტურებიდან აღსანიშნავია :კაკაო, ყავა, ბანანი, ჩაი, არაქისი. კაკაოს უდიდესი მწარმოებლებია განა და კოტ-დ’ივუარი. ყავა გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკაში, გამოირჩევა: კოტ-დ’ივუარი, ეთიოპია, უგანდა, ანგოლა. მეცხოველეობა გამოირჩევა დაბალპროდუქტიულობით. აფრიკის ყველაზე ნაყოფიერია, კონტინენტის აღმოსავლეთი მხარე, სადაც ძირითადად მოჰყავთ საექსპორტო კულტურები. გვალვიან ადგილებში ძირითადად განვითარებულია სასაძოვრო მესაქონლეობა. სანაპირო რაიონებთან და ტბებთან განვითარებულია მეთევზეობა.

დემოგრაფია

აფრიკის დაახლოებით 800 მლნ-იანი მოსახლეობა ეთნიკური და რასობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია.

საჰარის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა განეკუთნება ევროპეიდულ რასას (არაბები, ბერბერები). მეშვიდე საუკუნეში არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდა არაბული ენა და ისლამი.

საჰარის სამხრეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა განეკუთნება ნეგროიდულ რასას. სხვადასხვა ბანტუს ენებზე (ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის ნაწილი) მოლაპარაკე ხალხი შეადგენს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობას. დასავლეთი აფრიკა დასახლებულია ნიგერ-კონგოს სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხით. აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკაში აგრეთვე ცხოვრობენ აფრო-აზიულ ენებზე მოლაპარაკე ეთიოპელები და სომალელები, ასევე სხვადასხვა ნილო-საჰარულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი. სამხრეთ აფრიკაში მცირე რაოდენობით გვხვდებიან ჰოტენტოტები და ბუშმენები, რომელთაც ბანტუს ჩრდილოეთიდან მიგრაციამდე მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია ეკავათ.

ევროპული კოლონიზაციის პერიოდიდან აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპელი თეთრკანიანების მნიშველოვანი ჯგუფები. მათი შთამომავლები არიან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანები (აფრიკანერები, ინგლისელი სამხრეთ აფრიკელები).

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით აფრიკელების 40% ქრისტიანია, 40% მუსულმანი. დანარჩენი 20% ადგილობრივი აფრიკული რელიგიების მიმდევარია. ისლამი ჩრდილოეთ აფრიკის გარდა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. აფრიკელი ქრისტიანების უმრავლესობას წარმოადგენს ევროპული კოლონიზაციის პერიოდში გაქრისტიანებული მკვიდრი მოსახლეობა. აფრიკა აგრეთვე არის ეთიოპიის მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიის სამშობლო.

აფრიკის მოსახლეობა ტერიტორიულად არათანაბრადაა განაწილებული. მოსახლეობის განლაგებაზე, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ ახდენს გავლენას, არამედ ისტორიული ფაქტორიც, პირველ ყოვლისა კი მონათვაჭრობის შედეგები და ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლონიური რეჟიმის არსებობა. შედარებით მჭიდროდაა დასახლებული ხმელთაშუა ზღვის, გვინეის ყურის და კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროები, მოსახლეობის ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა, ნილოსის დელტაში, სადაც 1 კვ.კმ-ზე 1000 კაცზე მეტი მოდის. საჰარის უდაბნოში რომელსაც კონტინენტის 1/4 უკავია, ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები, მის ზოგიერთ რეგიონში კი საერთოდ არ არის მუდმივი მოსახლეობა.

რასები

მკვლევართა აზრით აფრიკს თანამედროვე ადამიანის წინაპართა სამშობლოა. აღმოსავლეთ აფრიკაში 2,7 მილ. წლის ასაკის ქანებს შორის აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები. შესაძლებელია რომ ის იყო გონიერი ადამიანის წინაპარი. ეთიოპიაში მეცნიერებმა უძველესი ადამიანის ასაკი დაადგინეს – დაახლოებით 4 მილიონი წელი. ფიქრობენ რომ იგი ტანდაბალი იყო, ჰქონდა მაგარი კბილები და მცენარეულობებით იკვებებოდა. დღეისთვის აფრიკაში ცხოვრობს სამივე რასის ხალხი: ევროპელები, ეკვატორული (ნეგროიდული) და მონღოლოიდური. კონტინენტის მცხოვრებთა დიდ ნაწილს მკვიდრი მოსახლეობა – ნეგროიდები შეადგენენ.

ბუშმენი ადამიანი ბოტსვანაში

მკვიდრ მოსახლეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკაში უძველესი დროიდან მცხოვრებ, არაბებს და ბერძნებს, რომლებიც ევროპული რასის სამხრეთ შტოს მიეკუთვნებიან. მათი სალაპარაკო ენა ძირითადად არაბულია. ნეგროიდები კონტინენტის ძირითად ნაწილში ცხოვრობენ. მათთვის დამახასიათებელია შავი კანი, მუქი ფერის თმა და თვალები, წაგრძელებული თავის ქალა, ვიწრო ცხვირი და ოვალური სახე. ისინი ცხოვრობენ საჰარის სამხრეთით, კონტინენტის დიდ ნაწილზე. და ქმნიან ეკვატორული რასის აფრიკულ შტოს. ნეგროიდებს შორის განსხვავებაა კანის ფერის, სიმაღლის და თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით. სიმაღლით გამოირჩევიან ნილოტის ხალხები, რომლებიც ნილოსის ზემო წელსა და ვიქტორიის ტბის აღმოსავლეთით ცხოვრობენ. მათი საშუალო სიმაღლეა 180 – 200 სმ. ნილოსის ზემო დინების მიდამოებში ნეგროიდები ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის კანით გამოირჩევიან.

ბენინელი ქალი.

ეკვატორული ტყეების ნეგროიდები – პიგმეები დაბლები (150 სმ-ზე დაბალი) არიან. ბერძნული სიტყვა “პიგმიოს” სიტყვა-სიტყვით “მუშტისტოლა ხალხს” ნიშნავს, ქართულ ენაზე კი მას კარგად ეხამება სიტყვა “ცეროდენა”. მათ კანის ფერი შედარებით უფრო ღია აქვთ, ვიდრე სხვა ნეგროიდებს, ტუჩები თხელი. პიგმეები ტყის მობინადრეები არიან. ტყე მათთთვის სახლი და არსებობის მთავარი საშუალებაა, ისინი აფრიკის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი არიან.

სამხრეთ აფრიკის უდაბნოებსა და ნახევარუდაბოებში ცხოვრობენ ბუშმენები და ჰოტენტოტები. მათ აქვთ მოყვითალო ყავისფერი კანი და ბრტყელი სახე, რითაც ისინი მონღოლოიდებს ჰგვანან. ბუშმენები პიგმეებივით ტანდაბლნი, მაგრამ ძვალწვრილნი არიან (“ბუშმანი”- სიტყვა-სიტყვით “ბუჩქის კაცს” ნიშნავს). ევროპელი დამპყრობელების წყალობით მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.


ზოგიერთი მკვლევარი ეთიოპიელებს გარდამავალ რასას მიაკუთვნებს. ისინი გამოირჩევია, ღია მაგრამ მოწითალო ფერის კანით. ეთიოპიელები გარეგნობით ახლოს არიან ევროპული რასის სამხრეთის შტოსთან. სიტყვა-სიტყვით “ეთიოპი” -“მზით დამწვარს” ნიშნავს. მალაგასიელები მოღოლოიდური და ნეგროიდული რასის შერევით წარმოიქმნა. მოსული ევროპეიდული წარმოშობის მოსახლეობა ძირითადად ხელსაყრელი პირობების მქონე ადგილებში ცხოვრობს და კონტინენტის მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენს. ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ცხოვრობენ ფრანგები, ხოლო კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში – აფრიკანერები (ნიდერლანდიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები), ინგლისელები და სხვ.

ენები

მრავალი ვარაუდით აფრიკაში ათასზე მეტი ენაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობა აფრიკული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ევროპული. აფრიკა მსოფლიოში ყველაზე პოლიგლოტი ქვეყანაა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა რამდენიმე აფრიკულ ენასთან ერთად ერთი ან ორი ევროპული ენის ცოდნა. აფრიკაში სულ ოთხი ენობრივი ოჯახია.
აფრო-აზიური ენების ოჯახში 240 ენა და 285 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰელში და სამხრეთდასავლეთ აზიაშია გავრცელებული.
ნილოს-საჰარის ენების ოჯახი ასზე მეტ ენას შეიცავს და 30 მილიონი მოსაუბრე ჰყავს. ეს ენები ძირითადად გავრცელებულია ჩადში, ეთიოპიაში, კენიაში, სუდანში, უგანდაში და ჩრდ. ტანზანიაში.
ნიგერიულ-კონგოური ენების ოჯახი მოიცავს სუბსაჰარის აფრიკის უმეტესობას და სავარაუდოდ ყველაზე ვრცელი ენობრივი ოჯახია მსოფლიოში განსხავებული ენების მიხედვით. მათი უმრავლესობა ბანტუს ენებია, რომლებზეც სუბსაჰარის აფრიკაში საუბრობენ.
ხოისური ენების ოჯახში დაახლოებით ორმოცდაათი ენაა და სამხრეთ აფრიკაში გავცელებული 120.000 ადამიანში. ხოისურ ენათა უმრავლესობა გადაშენების პირასაა მისული. ხოი და სან ხალხი აფრიკის ამ ნაწილის აბორიგენ მცხოვრებლებად არიან მიჩნეული.

კოლონიალიზმის შედეგად თითთქმის ყველა აფრიკულმა ქვეყანამ ოფიციალურ ენად მიიღო მათი კონტინენტისთვის უცხო ენა, თუმცა ამჟამად რამდენიმე მათგანი პარალელურად მშობლიურ ენასაც იყენებს (მათ შორის სვაჰილი). მრავალ ქვეყანაში ინგლისური და ფრანგული (იხ. აფრიკული ფრანგული) გამოიყენება საზოგადოებრივ სფეროში მთავრობაში, კომერციაში, განათლებასა და მედიაში. აქ გავრცელებულ სხვა არააფრიკულ ენებს შორისაა არაბული, პორტუგალიური, აფრიკაანსი და მალაგასიური

კულტურა

რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიუხედავად, აფრიკის კონტინენტზე მაინც წარმოიშვა ბევრი კულტურა და ცივილიზაცია. თუმცა ისეთმა გარეშე ძალებმა, როგორც თავდაპირველად არაბებმა, ხოლო შემდეგ ევროპელებმა, გამანადგურებელი ეფექტი მოახდინეს აფრიკული ცხოვრების განვითარებაზე.


აფრიკა, სავარაუდოდ, ადამიანთა მოდგმის აკვანს წარმოადგენდა. ანთროპოლოგებმა ტანზანიაში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი და შრომის პრიმიტიული იარაღების ნაშთები, რომლებიც 2 მილიონი წლითაა დათარიღებული. მართალია, ამ მემკვიდრეობს ზუსტი კვალი დიდი კამათის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სრულიად საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები სწორედ აფრიკის კონტინენტზე წარმოიშვნენ.

აფრიკული კულტურა ისტორიის მანძილზე განიცდიდა უცხოური კულტურების გავლენას და თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვა ქვეყნების და კონტინენტების კულტურაზე. უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვ ცივილიზაციის განვითარებაში, ძველმა ეგვიპტემ. აფრიკის კონტინენტზე არსებობს 2 000-ზე მეტი ადგილობრივი ენა, აქედან 400 ნიგერიაში. ეს ყველაფერი კონტინენტის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. აფრიკის ქვეყნების კულტურის ფონზე გამოირჩევიან: ნკეტია (ბენინელი კოპოზიტორი), ენო ბელინგია (კამერუნელი კომპოზიტორი), აფუორქ თექლე (ეთიოპიელი მხატვარი), ეზეკილ მპხალელე (ლიტერატურა, სარი), ჩინუა აჩები (ლიტერატურა, ნიგერია) და ა.შ.

იუნესკოს მსოფლიოს ბუნებრივი ლადშაფტის და უნიკალური ისტორიული არქიტექტულ მემკვიდრეობათა შორის, აფრიკის კონტინენტზე 78 ობიექტი მდებარეობს. აქედან აღსანიშნავია: ტიმგალი (ალჟირი), ამოეას მეფის სასახლე (ბენინი), ჯენე (ქალაქის ძველი ნაწილი, მალი), ომოს ეროვნული პარკი (ეთიოპია).
უდაბნოს ბარიერი
ძვ.წ. 8000 წელს ჩრდილოეთ აფრიკის გამწვანებულ და ნაყოფიერ მიწებზე სახლობდა ქვის ხანის ხალხი. ცნობები მათ შესახებ შემორჩენილია იმ ნახატებში, რომლებიც შესრულებულია გამოქვაბულების კედლებზე. მოგვიანებით ძვ.წ. 4000-2000 წლების შუალედში, ამ კონტინენტზე კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა, მიწა გამოშრა და გაჩნდა საჰარას ვრცელი უდაბნო. ამის შემდეგ საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ტერიტორიების განვითარება საგრძნობლად შენელდა. ხალხს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა ახალი ტექნოლოგიები და საშუალებები უდაბნოს ბარიერის გადასალახად. ამასობაში კი, ჩრდილოეთ აფრიკის კულტურა ხმელთაშუა ზღვის კულტურების გვარდით ვითარდებოდა, თავდაპირველად ძველი ეგვიპტის გავლენით, მოგვიანებით კლასიკურ კულტურებთან შერწყმით (ბერძნული და რომაული), ხოლო შემდგომ ისლამური სამყაროს კვალდაკვალ.

აფრიკის დანარჩენ ტერიტორიაზე ცივილიზაცია ვითარდებოდა გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მდებარეობა მოიცავდა უდაბნოებისა და ეკვატორული ტყეების ვრცველ ტერიტორიებს, მაღალ ზეგნებზე მდინარეები ჩაედინებოდა უზარმაზარ ჩანჩქერებად, რომლებიც შეუძლებლად ხდიდა ამ მდინარეების სავაჭრო და სატრანსპორტო გამოყენებას. მიუხედავად ამისა, საჰარის ქვედა ტერიტორიებზე მაინც ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა. ძვ.წ. 200 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყეს რკინის დამუშავება; მის სამხრეთით პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა ახ.წ. 1200 წელს მხოლოდ პიგმეები და ბუშმენებიღა ცხოვრობდნენ ქვის ხანაში. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები მაინც პრიმიტიული იყო, აქ არ არსებობდა ურემი და გუთანიც კი.
მუსიკა და ცეკვა

კულტურის დარგებს შორის განსაკუთრებით გამოიყოფა სახვითი ხელოვნება, მუსიკა და ცეკვა. აფრიკაში მცხოვრებ თითქმის ყველა ხალხს აქვს, თავისი ინდივიდვსლური მუსიკალური კულტურა, სიმღერების და ცეკვების თავისი ტრადიცია. მათი უმეტესობა უკავშირდება ნადირობას და მიწათმოქმედებას. იმისათვის რომ ნადირობა წარმატებით დამთავრებულიყო, ხალხი მართავდა დიდ წარმოდგენებს ცეკვების და მუსიკის თანხლებით. აფრიკელი ხალხის მუსიკალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებულ როლს თამაშობდა დოლი.

აფრიკის დიდმაშტაბიანი პოლიტიკური რუკა იხილეთ აქ

One Response to აფრიკა

  1. fisher says:

    ძალიან კარგია, დამეხმარა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: